პროექტს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ არის მნიშვნელოვანი. ხეები კი არ მოიჭრება, ყველა ხე გადაირგვება. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტი დავით ნარმანიას მერობის პერიოდში შეჩერდა. ის აცხადებდა, რომ პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი 87 ხე- მცენარის შენარჩუნება იყო, რომლის მოჭრასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვებოდა.
კახი კალაძე კი აცხადებს, რომ მისი მიდგომა განსხვავებულია.
„ვიცით, რომ საცობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. საჭიროა კომპლექსური მიდგომები და კომპლექსური პრობლემების მოგვარება. მხოლოდ ერთი მიმართულებით წასვლით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. შესაბამისად, კონკრეტულ პროექტს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ არის მნიშვნელოვანი. ხეების მოჭრას რაც შეეხება, არც ერთი ხე არ მოიჭრება, ყველა ხე გადაირგვება. ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომა ყველა პროექტთან დაკავშირებით. ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, ამიტომ იქ არსებული ხეები გადაირგვება. როდესაც დასრულდება ტენდერი, უახლოეს მომავალში, ეს პროცესი დაიწყება. რაც შეეხება მშენებლობას, ეს რამდენიმე თვე გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.