საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, NDI-ის კვლევამ გამოკვეთა რამდენიმე ახალი პრობლემა, როგორიცაა გარემოს დაცვის საკითხი და ასევე დასაქმების პრობლემა.
მისივე თქმით, საქართველოში მუდმივად არის მაღალი მხარდაჭერა როგორც ევროკავშირის ასევე ნატო-ს მიმართ.
“NDI-ის კვლევა შესაძლებლობაა, მოსახლეობის განწყობებს გადავხედოთ, მთავრობის საქმიანობის მიმართ გაზრდილია მოსახლეობის შეფასების დამოკიდებულება, ასევე ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მიმართ საკმაოდ მაღალი ნდობაა გამოცხადებული ამ კვლევის მიხედვით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საქართველოში მუდმივად არის მაღალი მხარდაჭერა როგორც ევროკავშირის ასევე ნატო-ს მიმართ, ეს სტაბილურად მაღალი რიცხვია, ზოგიერთ წევრ ქვეყანაზე მაღალიც კი, შეიძლება ამის თამამად თქმა. თუმცა კონკრეტულად ის საკითხი, რომელიც შეეხება სამხედრო ძალების სიძლიერეს, ჩემთვის რთული სათქმელია, რამ გამოიწვია ასეთი პასუხი, შეიძლება ეს განპირობებული იყოს იმით, რომ საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, საფრთხეს რუსეთის არმია წარმოადგენს და შესაბამისად, მათი ძალა ჩვენთვის უფრო სახიფათოა”,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ცდომილების ზღვარია +/-1.9%.
შედეგების მეორე ნაწილის პრეზენტაცია ხუთშაბათს, 18 იანვარს გაიმართება.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობითCRRC-საქართველომ ჩაატარა.