"ბასიანთან" მომხდარი ინციდენტი ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს.", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, მსგავსი საკითხებისადმი მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.
„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. ანუ, მსგავსი შემთხვევა, როდესაც პირმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთი სერიოზული დაზიანებები მიაყენა ადამიანებს და ის თავისუფლდება გირაოთი, მე ვფიქრობ, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათ შორის, ჩემთვისაც და მგონია, რომ მართლმსაჯულების სისტემას ამით სერიოზული ზიანი ადგება. ასე რომ, მათ ადგილზე, უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი მსგავს შემთხვევებზე სასჯელის გამოყენებას თუ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, 13 იანვარს, თამაზ ქვლივიძემ კლუბ „ბასიაის“ დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განწყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრა.
მან სამივე პირს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მართალია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს, თუმცა 30 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ საალეპაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
გავრცელებული ინფორმაციით ქვლივიძე კლუბში მეგობართან, მიხეილ სვანიძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სასამართლომ ადმინისტრაციული მუხლით გაათავისუფლა. მოსამართლე, რომელმაც სამი მუხლით ბრალდებული თამაზ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, 37 წლის ბადრი შონიაა, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. ის მონაწილეობდა ისეთ გახმაურებულ საქმეებში, როგორიცაა ე.წ. ციანიდის, ივანე მერაბიშვილის, ბანკი"ქართუს" გაკოტრების,"რეპერების საქმე", იგი ასევე გახლდათ 7 ნოემბრის საქმეზე უგულავას, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის საქმის მოსამართლე, თუმცა ამ უკანასკნელს ჩამოშორდა.
ცნობილია ისიც, რომ ბადრი შონია თავის დროზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს დაუპირისპირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულ ქვლივიძეს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამაზ ქვლივიძე ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია. პაატა ქვილივიძე „თბილგვირაბმშენის“ უფროსია.
,,ადამინის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ბრალდებულის გათავისუფლების კანონიერების შესწავლას გეგმავს.