ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებისა და დავით გარეჯის კომპლექსი „ევროპა ნოსტრას“ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის პროგრამის 12 ფინალისტს შორის მოხვდნენ, საბოლოოდ 7 ძეგლი კი მარტის ბოლოს გამოვლინდება.
კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განმარტებით, ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში.
რაც შეეხება დავით გარეჯს, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლი, 2017 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის პროგრამა მიზნად ისახავს, მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად.
„ევროპა ნოსტრა“ უზრუნველყოფს შერჩეული შვიდი ძეგლისთვის ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა დაფუძნდა 2013 წლის იანვარში, ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ფედერაციის – „ევროპა ნოსტრას“ მიერ, დამფუძნებელ პარტნიორთან – ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან და ასოცირებულ პარტნიორთან – ევროპის განვითარების ბანკთან ერთად.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან და მის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შემდგომი შესწავლის, კონსერვაციისა და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის მიზნით, 2017 წელს „ევროპა ნოსტრას“ პროგრამაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლი, „ევროპა ნოსტრას“ საქართველოს წარმომადგენმა – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა წარადგინა. პროგრამაში, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელი კი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იქნა წარდგენილი.