მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ გარემოს დაბინძურება, როგორც პრობლემა, უფრო და უფრო მეტად აწუხებს მოსახლეობას, - ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა.
,,ეს ნომერ პირველ ადგილობრივ პრობლემადაა დასახელებული თბილისში და ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა და იმ პირობებში, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტრო, როგორც ცალკე მდგომი უწყება უქმდება, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია და მოსახლეობა მოითხოვს იმას, რომ რესურსები და ყურადღება არ იყოს უგულვებელყოფილი და მაინც იყოს მიმართული გარემოს დაცვისადმი, რადგან ეს მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა ლორა თორტონმა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის(NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა- 42% კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც დედაქალაქს აწუხებს გარემოს დაბინძურებას მიიჩნევს, 34% საგზაო მოძრაობას, 33% საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ცდომილების ზღვარია +/-1.9%.
კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
შედეგების მეორე ნაწილის პრეზენტაცია ხუთშაბათს, 18 იანვარს გაიმართება.