16 იანვარს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მანანა ხომერიკის სამეცნიერო ნაშრომის „ფიროსმანზე და არა მხოლოდ...“ პრეზენტაცია.
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერიის მესამე გამოცემა ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ვერსიას და მხატვრის გვარის ირგვლივ არსებულ მოსაზრებებს ეხება.
ნაშრომში გაეცნობით ასლან ფიროსმანაშვილის ოჯახის ისტორიას, ასევე ნიკოს ურთიერთობებს დიდ შულავერთან, ქალანთაროვებთან და ქიზიყელებთან.
2018 წლის 4 მაისს სრულდება 100 წელი ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან. მისი დაბადებისა და გარდაცვალების განსხვავებული ვერსიები არსებობს, რაც დოკუმენტურად დამოწმებული ცნობების სიმცირით არის განპირობებული. მანანა ხომერიკის ნაშრომში პირველად გამოქვეყნდა მხატვრის ცხოვრების დღემდე უცნობი დეტალები, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიროსმანის მკვლევარებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის.