რუსეთის საჰაერო რეიდის შედეგად, 53 სამოქალაქო პირი დაიღუპა. „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის“ თანახმად, იერიში 26 ნოემბრის დილას მოეწყო დეირ ალ-ზორის პროვინციაში და მიმართული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გაკონტროლებული დასახლების წინააღმდეგ.
მოკლულებს შორის 21 ბავშვია. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობას. რუსეთის სამხედრო ძალებს ჯერ არ გაუკეთებიათ საპასუხოდ განცხადება.
„ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია“ ინფორმაციას იღებს სირიაში მყოფი პირებისაგან და განმარტავს, რომ იმას, თუ რომელმა ქვეყანამ განახორციელა საჰაერო რეიდი, ადგენს თვითმფრინავების ტიპის, ადგილმდებარეობის, გამოყენებული იარაღის მიხედვით.
რუსეთი მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას და საჰაერო ძალებით ეხმარება მის ბრძოლას მეამბოხეების წინააღმდეგ.