საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველს რელიგიურ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და საყვედურობს, რატომ არ ხდება მისი მხრიდან მართლმადიდებლების ისეთივე დაცვა, როგორიც სხვა კონფესიის წარმომადგენლების. ამის შესახებ განცხადებები დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვისას ჯონდი ბაღათურიამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთეს.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, არაფერია ნათქვამი სახალხო დამცველის ანგარიშში თავისუფლების ინსტიტუტის წევრ თეა თუთბერიძის ქმედებებზე, რომელიც მიმართული იყო კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის წინააღმდეგ, რამაც მთელი მართლმადიდებლური საზოგადოება აღაშფოთა.
ლორთქიფანიძემ სახალხო დამცველს პირობა მისცა, რომ იგი ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, მართლმადიდებლების უფლებების შემლახველ ფაქტებსაც გადასცემს, რომელთა რაოდენობა, მისი თქმით, 25-ზე მეტია.