ოპოზიცია არჩევნების ჩატარებას ბიომეტრიული პასპორტებით ითხოვს. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დღეს პარლამენტს `ეროვნულმა ფორუმმა~ წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატია ოპოზიციას შორის არის შეთანხმებული და იმის გამო, რომ დაფიქსირდეს, როგორც საზოგადოების მოთხოვნა, შეგროვდება საჭირო 30 ათასი ხელმოწერაც.
საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ამომრჩევლთა რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემებში მისი ბიომეტრიული პარამენტრების შეტანასა და არჩევნების დღეს ამომრჩევლების იდენტიფიცირებას სწორედ ბიომეტრიული პარამეტრების მეშვეობით ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა მხოლოდ პარლამენტარებს, მთავრობას და პრეზიდენტს შეუძლია. სხვა შემთხვევაში კი საჭიროა 30 ათასი ხელმოწერის შეროვება იმისთვის, რომ კანონპროექტი პარლამენტმა განსახილველად მიიღოს.
შესაბამისი კანონპროექტი და მასთან ერთად საინიციტივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე პარლამენტის ბიუროს სახელზე დაწერილი მიმართა, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დღეს ~ეროვნული ფორუმის~ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა ჩააბარა.
რაც შეეხება ამ ინიციატივას, საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დარეგისტრირების შემთხვევაში პარლამენტის წინაშე შესაბამის კანონპროექტს წარადგენს, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის 23 წარმომადგენლისგან შედგება. მის შემადგენლობაში არიან: - ირაკლი მელაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ზურაბ აბაშიძე, ზაალ გოგსაძე, მამუკა კაციტაძე, ავთანდილ დავითაძე, ირაკლი მამალაძე, ვლადიმერ ბასარია, ბესიკ ფარქოსაძე, ზაზა მეთაფლიშვილი, ლეილა ჩქარეული, ინგა გრიგოლია, ბიძინა გუჯაბიძე, ზაზა გაბუნია, კახა სეთურიძე, გივი მეზურნიშვილი, დავით სოსელია, გივი გოგლიძე, ვალერი გახოკია, ზურაბ ნეფარიძე და ალექსანდრე შალამბერიძე.
როგორც ჟურნალისტებს მელაშვილმა განუცხადა, საინიციატივო ჯგუფი კანონპროექტის ინიცირებისთვის საჭირო 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას მას შემდეგ შეუდგება, რაც ჯგუფს პარლამენტი რეგისტრაციაში გაატარებს.
"ჩვენ პარლამენტს ბევრად უფრო მეტ ხელმოწერას წარვუდგენთ, ვიდრე ამას კანონი გვავალდებულებს, რადგან საქმე საკანონმდებლო ინიციატივას ეხება, რომელიც არჩევნების გაყალებების გარეშე ჩატარებას უზრუნველყოფს და ყოველგვარ ~კარუსელს~, გაბერილი საარჩევნო სიების არსებობასა და მთელ რიგ საარჩევნო დარღვევებს გამორიცხავს~, - აცხადებს მელაშვილი.