საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთთან ყოველი დათმობის შემდეგ მათი მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდებოდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბელორუსის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემთვის გაუგებარია რა სურს რუსეთს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მათთან დაახლოებას, მაგრამ უფრო მეტი მოინდომეს. ყოველი დათმობის შემდეგ მათი მოთხოვნა იზრდებოდა. თუ რუსეთი მეზობელთან საუბარს შანტაჟისა და მუქარის ენით აპირებს ეს უარესი იქნება მათთვის. მე სულ ვეუბნებოდი რუსეთის მმართველებს და პირადად ვლადიმერ პუტინს, რომ შესაძლოა მე ბოლო ან ბოლოს წინა პრეზიდენტი ვარ, რომელსაც რუსული კულტურა და რუსი ხალხი უყვარს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, მთავრობები იცვლება და ამ გაუცხოების გამო ახალ ხელისუფლებას შეიძლება წარმოდგენაც აღარ ჰქონდეს რა არის რუსეთი.
"ეს არის ჩიხში შესული პოლიტიკა. რუსეთში კი შეიძლება უკვე შეუქცევადი პროცესები განვითრდეს. მე ეს სულ არ მიხარია და რუსეთს სიკეთეს ვუსურვებ. ეს კი ამ ქვეყნის მოდერნიზებაზე და მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არის დამოკიდებული", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.