საქართველოსა და უკრაინას შორის როგორც პოლიტიკური ასევე, ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკოსთან შევედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ეს არის საქართველოში უკრაინის დელეგაციის პირველი ვიზიტი. ჩამოსულია დიდი დელეგაცია, რომლის ძირითადი მიზანი ის ის, რომ გაიზიარონ ის გამოცდილება, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელდა რეფორმების კუთხით", - აღნიშნა გილაურმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ საკითხებს დაეთმო, ასევე საუბარი შეეხო კორუფციასთან ბრძოლის, ფინანსთა სამინისტროს რეფორმირებას, ახალ საგადასახადო კოდექსს.
"ჩვენ გამოცდილების საკმაოდ დიდი ნაწილი მათ მოეწონათ და აპირებენ გაიზიარონ. მე ვთვლი, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ მაღალ დონეზეა", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ამასთან, გილაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მეტი უკრაინული ინვესტიცია ჩაიდება.