ახალი საგადასახდო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა გადაიდო. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, გუშინ გვიან ღამით გაიმართა პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები და გადაწყდა, რომ საკითხის განხილვა არა დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე, არამედ 21 ივლისს დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე მომხდარიყო.
ამ გადაწყვეტილების არგუმენტად დავით ბაქრაძე იმას ასახელებს, რომ გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ შეუთანხმებელია და მიმდინარეობს კონსულტაციები. შესაბამისად უმჯობესად მიიჩნევენ, რომ დაზუსტდეს ყველა საკითხი და მეორე მოსმენით კანონპროქტს ერთიანად ეყაროს კენჭი, ვიდრე დღეს მოხდეს კენჭისყრა გარკვეული საკითხების გარეშე.
დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში აღნიშნული საკითხები დაზუსტება და შეთანხმება შესაძლებელი იქნება და პარლამენტი მეორე მოემსნით ახალ საგადასახადო კოდექსს 21 ივლისს მიიღებს. მესამე მოსმენით მიღება კი უკვე საშემოდგომო სესიის დაწყებისას მოხდება.
რაც შეეხება შეუთანხმებელ საკითხებს, ცნობილია, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავლების დაბეგვრაზე, ასევე გრანტიდან გაცემული ხელფასის დაბეგვრაზე და ა.შ.
ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.