ბიზნესწრეები სპორტულ საერთაშორისო შეჯიბრებებში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პირების ჯილდოს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ. ეს მოთხოვნა დღეს პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ახალი საგადასახადო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვისას "ვისოლის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დააყენა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო შეჯიბრებებში პრიზების მოპოვება არის ძირითადად წამახალისებელი ხასიათის და კარგი სტიმული იქნება ფეხბურთელებისათვის. იგი ითხოვს, მთავრობამ ეს გაითვალისწინოს.
მის ამ მოთხოვნას დეპუტატების მხრიდან გარკვეული ირონიაც მოჰყვა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი გოდაბრელიძემ იხუმრა, "ჩვენს ფეხბურთელებს ეს საფრთხე არ ემუქრებათ".
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ კი აღნიშნა, რომ ამ პრინციპის დანერგვა იქნება დისკრიმინაციული და განაცხადა, რომ მთავრობის პოზიციაა, "ყველა პირი თანაბრად დაიბეგროს, შემოსავლის მიხდევით".