ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას ყველა მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერმინისტრმა, ჟან ასელბორნმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით გარკვეული სირთულეები არსებობს, აუცილებელია მოთმინება გამოვიჩინოთ", - აღნიშნა ჟან ასელბორნმა.
ვიცე-პრემიერმა როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარეს მოუწოდა, არსებული სირთულეების მიუხედავად მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთგაგებას მიაღწიონ.
"მე პატარა ქვეყნიდან ვარ და ვიცი, რას ნიშნავს, როცა ევროპის დიდი ქვეყნები შენდამი მტრულად არიან განწყობილები", - დასძინა ასელბორნმა.