ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერმინისტრმა ჟან ასელბორნმა ქართულ საზოგადოებას სამი გზავნილი გააცნო.
როგორც ჟან ასელბორნმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველომ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბერი ცუდი გადაიტანა.
"ჩამოვედი სამი გზავნილით. პირველია ის, რომ ლუქსემბურგი მხარს უჭერს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან დასაახლოებლად ეწევა. ამ მხრივ აღსანიშნავია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 350 მილიონი ევრო გამოვყავით; მეორე გზავნილია - ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური, ასევე ხალხებს შორის უშუალო ურთიერთობის დამყარების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო ლიბერალიზაცია მოხდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ კუთხით დაგეხმაროთ; მესამე - ევროკავშირთან დახლებით ქართველი ხალხი გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებს, ამიტომ უნდა გაგრძელდეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით რეფორმების გაგრძელება", - აღნიშნა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოსთან ლუქსემბურგი განათლების სფეროში აქტიურად თანამშრომლობს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.