ე.წ. დიაბეტური პური დღგ-სგან აღარ გათავისუფლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა სავარაუდოდ ახალი საგადასახადო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვისთვის მიიღებს.
დიაბეტური პურისთვის აღნიშნული შეღავათის მოხსნა დღეს პარლამენტში საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციის პრეზიდენტმა კობა ამირხანაშვილმა ითხოვა.
მისი განმარტებით, დღეს დიაბეტით დაავადებულთათვის განსხვავება არ არსებობს იმაში პური არის თუ არა ჩვეულებრივი და რაც მთავარია, მისი თქმით, საქართველოში რეალურად ალბათ არ ცხვება ის პური, რასაც დიაბეტურს უწოდებენ.
"არსებული შეღავათი დღეს არის ულოგიკო, რასაც გარკვეული პირები საკუთარი მიზნებისთვის ცუდად იყენებენ", _ განაცხადა ამირხანაშვილმა.
იგი მთავრობას მიმართავს ინიციატივით, რომ ე.წ. დიაბეტურ პურს დღგ-ისგან გათავისუფლების შეღავათი მოეხსნას. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ კი აღნიშნა, რომ მთავრობას ამ ინიციატივის საწინააღმდეგო არაფერი ექნება და შესაბამისად საკითხის გათვალისწინება ხვალისთვის მოხდება.