16 ივლისს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში", ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართება VII საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა".
კონფერენციაზე იმსჯელებენ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან პარტნიორობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე. კონფერენციაზე ასევე განიხილება საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის, ხალხთა შორის კონტაქტების განვითარებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.
საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ანგარიშს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებისა და პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ოთხი თემატური სესია:
I სესია - უსაფრთხოება და სტაბილურობა დაეთმობა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევებს `აღმოსავლეთ პარტნიორობის~ რეგიონში; ევროკავშირის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში; ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგიის `ჩართულობა თანამშრომლობის გზით" განხორციელებაში;
II სესია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა განიხილავს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების „მეორე ტალღას", მედია პლურალიზმის, პარლამენტის როლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის საკითხებს, აგრეთვე ადგილობრივი არჩევნების შედეგებსა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის განსახორციელებელ შემდგომ ნაბიჯებს.;
III სესია - ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაახლოება განიხილავს ევროკავშირი-საქართველოს შორის ფართო და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პერსპექტივებს, ეკონომიკურ რეფორმებს, ენერგოუსაფრთხოების, ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებს;
IV სესია - ხალხთა შორის კონტაქტები და ევროკავშირის პროექტები განიხილავს ხალხთა შორის კონტაქტების ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: განათლება, კულტურა, ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროგრამები; ასევე, ევროკავშირის პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობის მიღების ახალ შესაძლებლობებს.