ნიუ იორკელი თავდამსხმელი ტაქსისტი იყო და იუბერ სერვისში მუშაობდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის საიფულო საიპოვს მწვანე ბარათი ჰქონდა მოგებული და შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრობდა. თავდასხმა მანჰეტენის ხალხმრავალ რაიონში განხორციელდა. ტერორისტი პიკაპით ჯერ ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს დაეჯახა. შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არგენტინისა და ბელგიის მოქალაქეებიც არიან. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მძიმედ დაჭრეს. მის მანქანაში პოლიციამ წერილი აღმოაჩინა, საიდანაც ირკვევა, რომ საიპოვი ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებასთან იყო კავშირში.