უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი 500 ერთეული PAC-3 MSE ტიპის რაკეტის მიწოდება, რომლის ღირებულებაც 2.1 მილიარდი დოლარია, 2030 წლამდე მოსალოდნელი არ არის.
ამის შესახებ უკრაინული მედია„რადიო თავისუფლების“ ვაშინგტონის კორესპონდენტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ჟურნალისტის შეფასებით, ეს შეთანხმება ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინაში ჩამჭრელი რაკეტების მწვავე დეფიციტის პრობლემას პრაქტიკულად ვერ აგვარებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ ტიპის რაკეტების მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს.
„ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ, გამოსავალი სწორედ ახლა მოძებნონ, როდესაც PAC-3-ის გამოყენების რეალური საფრთხე და რეალური საჭიროება არსებობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის ძალები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ყოველდღიურად უტევენ. მხოლოდ ოქტომბრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ქსელის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებზე 30-ზე მეტი იერიში მიიტანა.
უკრაინისთვის რაკეტების შესახებ შეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ დაამტკიცა.