„დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს 25 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკას“ უმასპინძლებს.
წლების შემდეგ ევროასპარეზზე დაბრუნებული „დინამო“ ფიბა ევროპის თასზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან მოხვდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა თავდაპირველად ფიბა-ს რანგით უმაღლეს ტურნირში მოსინჯა ძალა, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლა.
„დინამო“ ჯგუფში ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკთან“, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკასთან“ და თურქულ „ისთანბულთან“ მოხვდა.
თბილისის „დინამომ“ ჯგუფის პირველი შეხვედრა 18 ოქტომბერს, ბულგარეთში გამართა და დაძაბულ ბრძოლაში - 70:73 დამარცხდა. დინამოელთა მომავალმა მეტოქემ კი პირველ ტურში შინ „ისთანბულს“ 90:69 სძლია. ფიბა ევროპის თასზე ჯგუფში 6 ტურის შემდეგ საუკეთესო 2 გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა.
მეორე ტურის მატჩი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება უფასო იქნება.