კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა ცნობილი არბიტრი, წლების მანძილზე ევროპის წამყვანი სანაკრები და საკლუბო ტურნირების ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი, სერბი სპეციალისტი - დრაგან ნეშკოვიჩი.
ნეშკოვიჩმა სამსაჯო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა და ინსტრუქტორი გახდა. იგი მუშაობს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მსაჯებთან, აფასებს მათ საქმიანობას და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება.
დრაგან ნეშკოვიჩთან საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც სერბი სპეციალისტი ფედერაციაში „ეროვნულ ინსტრუქტორად“ იმუშავებს. ნეშკოვიჩი დაესწრო დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებს, სუპერთასს და სუპერლიგის პირველ ტურს. მან უკვე ჩაატარა პირველი სამუშაო შეხვედრა ქართველ მსაჯებთან და ამას ექნება სისტემატიური ხასიათი.
უახლოეს მომავალში შეიქმნება პოტენციური მსაჯების ჯგუფი, რომელთანაც იმუშავებს დრაგან ნეშკოვიჩი და მათ სამსაჯო კარიერის წარმატებულად დაწყებაში დაეხმარება.