ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მუშაობაში ცვლილებების შეტანაა საჭირო. ეს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებებზე ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში მყოფ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, თანათავმჯდომარეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების თავისი პროექტი წარადგინეს.
"ცვლილებები იმისათვისაა საჭირო, რომ ეს დისკუსიები უფრო შედეგიანი იყოს. წარმოდგენილ პროექტს კი აუცილებლად შევისწავლით ერთი კვირის განმავლობაში და ჩვენს მოსაზრებებს გაგაცნობთ", _ განაცხადა ჩოჩიევმა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ დიალოგი გაგრძელდება.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, მრავალი საკითხი განვიხილეთ. იმედი გვაქვს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ჩვენ ადრევე შეთანხმებულ დროს შევიკრიბებით, ანუ 27 ივლისს. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ კომპრომისის მოძებნაზე", _ განაცხადა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ანტი ტურუნენმა.