ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები „ბარსელონას“ მცველს ჟერარდ პიკეს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიშის დროს სტვენით შეხვდნენ. ამის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე გავრცელდა.
ფეხბურთის ფანები ტრიბუნებიდან შეურაცხყოფას აყენებდნენ 30 წლის ფეხბურთელს და მისგან ნაკრების დატოვებას მოითხოვდნენ.
1-ელ ოქტომბერს „ლას-პალმასთან“ თამაშის შემდეგ პიკემ განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს ესპანეთის ნაკრები, თუკი ამას ხალხი მოისურვებს.
ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს პიკემ ცრემლები ვერ დამალა: "ჩვენ ცუდი ხალხი არ ვართ და მხოლოდ არჩევნების უფლების გამოყენება გვსურს. მთელი მსოფლიო ხედავდა დღეს რაც მოხდა. კატალონიაში ესპანეთის პოლიციის გაგზავნა ბოლო 40 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ქვეყნის ისტორიაში. მზად ვარ ნაკრებიდან წავიდე, თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ მე შეიძლება ეროვნული ნაკრებისთვის პრობლემას წარმოვადგენ", - განაცხადა პიკემ.
კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს მომხდარი დაპირისპირებების გამო გუშინ ბარესლონას და ლას-პალმასს შორის მატჩი კამპ ნოუს სტადიონზე ჩატარდა. ბარსელონას ხელმძღანელობამ ლა ლიგას რეფერენდუმის გამო თამაშის გადატანის თხოვნით მიმართა, თუმცა ლა ლიგამ ამაზე უარი თქვა.