კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიზნით, საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მცველმა ჟერარ პიკემ ესპანეთის ეროვნული ნაკრების დატოვების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.
ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს პიკემ ცრემლები ვერ დამალა: "ჩვენ ცუდი ხალხი არ ვართ და მხოლოდ არჩევნების უფლების გამოყენება გვსურს. მთელი მსოფლიო ხედავდა დღეს რაც მოხდა. კატალონიაში ესპანეთის პოლიციის გაგზავნა ბოლო 40 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ქვეყნის ისტორიაში. მზად ვარ ნაკრებიდან წავიდე, თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ მე შეიძლება ეროვნული ნაკრებისთვის პრობლემას წარმოვადგენ", - განაცხადა პიკემ.
კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს მომხდარი დაპირისპირებების გამო დღეს ბარესლონას და ლას-პალმასს შორის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურის შეხვედრა კამპ ნოუს სტადიონზე ჩატარდა. დღეს დილით ბარსელონას ხელმძღანელობამ ლა ლიგას რეფერენდუმის გამო თამაშის გადატანის თხოვნით მიმართა, თუმცა ლა ლიგამ ამაზე უარი თქვა.