საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ჩვენებას სხვადასხვა მედიასაშუალებებით უპასუხა, მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც პატრიარქის სახლში ცხოვრობდნენ, არ იყვნენ ისლამისტები, იყვნენ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები.
"ჩვენთან მოდიან ყველანაირი ტიპის ლაზები, თურქეთის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები, ოპოზიცია, ათეისტები, ისლამისტები. პატრიარქის სახლი გადმოცემული გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. ამ სახლში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები. ეს ადამიანები არ შემოპარულან ტყით და ზღვით. ოფიციალურად ჩაურტყეს ბეჭედი და შემოვიდნენ საზღვრიდან. პრობლემები გაუჩნდათ მერე, ალბათ, როდესაც თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო. ეს ადამიანები არ იყვნენ ისლამისტები, ისინი იყვნენ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები. ეს პიროვნებები რომ დაიჭირეს, საქართველოს მთავრობას მათთან პრობლემა არ ჰქონია. გაიმართა სასამართლო პროცესი და ერთი მათგანი გამოუშვეს. დღესაც საქართველოში ცხოვრობს,“ - აცხადებს გიორგი ანდრიაძე.
საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება - პატრიარქის სახლში 2016 წელს რამდენმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა. მათ თურქი სამართალდამცველები ეძებდნენ.
სოსო ოხანაშვილი ყვება რომ პატრიარქრის პირად რეზიდენციაში რამდენიმე თვის განმავლობაში, თურქეთის ძებნილ მოქალაქეებს შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე ისე მალავდნენ, რომ ილია მეორემ არაფერი იცოდა. მის სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია კათალიკოსს ოხანაშვილმა მიაწოდა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, ძებნილი პირები მისი სახლიდან დაცვის სამსახურმა 2016 წლის აპრილში გაიყვანა.