ექსპერტები ხელისუფლებას კონკურენტუნარიანობის ამაღლების სტრატეგიის დროულად შემუშავებას ურჩევენ. ამის შესახებ დღეს პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგჯგუფ " PMCG"-ისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ექსპერტების შეხვედრაზე ითქვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ დეკლარირებულია, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების იდეოლოგიური საფუძველი ლიბერალიზმია, სახელმწიფო მაინც იტოვებს ვალდებულებებს, გარკვეული პროცესების დარეგულირებაში მიიღოს მონაწილეობა, რაც, პირველ ყოვლისა, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ეხება.
როგორც ექსპერტი ნოდარ ხადური განმარტავს, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია სტრატეგიული დოკუმენტი, თუ რა პერსპექტივები უნდა დასახოს მთავრობამ ამ მიმართულებით.
"სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართული საზოგადოებრივი აზრი. რეფორმები, რომელიც საქართველოში ტარდება, ვერ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობის ზრდას. არადა კონკურენტუნარიანობის ამაღლების სტრატეგია აქვს მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანას. აშშ-შიც კი, რომელმაც XXI საუკუნის პირველ წლებში დაინახა საფრთხე, რომელიც მისი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას ემუქრებოდა, სასწრაფოდ შეიმუშავა სტრატეგიული პროგრამა "ამერიკული ინიციატივა კონკურენტუნარიანობისთვის" და იგი ნაიცონალური პრიორიტეტების ნუსხაში ჩაწერა.
აშშ-ის ინტელექტუალური ელიტის აქტიური მოწოდებით, 2005-06 წლებში შემუშავდა ისეთი დოკუმენტი, როგორიცაა ამერიკის კონკურენტული უპირატესობების დაცვის შესახებ და სხვა, რომელმაც შესაძლებელი გახადა დაწყებულიყო ამერიკის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის განმტკიცება" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ექსპერტის თქმით, საზღვარგარეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მართებულად უნდა განისაზღვროს სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, რათა ქვეყნის კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს.
"ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭიროა, ეროვნული ეკონომიკისა და მისი ცალკეული სამიზნე დარგების კონკურენტუნარიანობისთვის კრიტიკული ანალიზი და პოტენციური დონის მიღწევა დაიგეგმოს. იმავდროულად, აუცილებელია ეროვნული ეკონომიკის ინსტიტუციური სრულყოფა, სასამართლოს რეფორმირება, საკუთრების დაცვა, საგადასახადო სისტემის იმგვარად მოწყობა, რომ საგადასახადო ადმინისტრაცია და მეწარმე პარტნიორები იყვნენ და საგადასახადო ორგანო არ აწარმოებდეს "ჩასაფრების" პოლიტიკას. იმავდროულად, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების მშენებლობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ექსპერტის აზრით, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ხელისშემშლელი ფაქტორები მოსახლეობის ცხოვრების, განათლებისა და მენციერების, დაზოგვისა და შიდა ინვესტიციების დაბალი დონე, კრეიდტების ხელმიუწვდომლობა, წარმოებული პროდუქციის მაღალი ენერგოტევადობა, დაბალი ტექნიკური დონე და მოძველებული მოწყობილობა დანადგარები, იაფი, ხშირ შემთხვევაში დაბალი კვალიფიკაციის მუშახელი და მონოკულტურული და ყოფილ სსრკ-ის ბაზებზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ანალიზზე და სამომავლო პერსპექტივებზე დღეს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმსჯელეს, სადაც "PMCG"-ისა და GIPA-ის წარმომადგენლებთან ერთად USAID-ის დონორი ორგანიზაციების წარომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო ასევე ქვეყნის ეკონომიკის რეფორმიტრების პროცესი და მიმდინარე რეფორმა ქვეყნის კონკურენტუნარიანობისკენ.