არ დარჩენილა საინფორმაციო საშუალება მსოფლიოში ამ მოვლენას, რომ არ შეხებოდა (სი-ენ-ენ-ი, ბი-ბი-სი, ასოშიეიტედ პრესი, როიტერსი, სკაი ნიუსი და სხვ.). სი-ენ-ენ-მა მთავარი გმირი მონათლა ახალი თიკუნითაც - „ადამიანი-დელფინი“.
მსოფლიოს 2002 წლის 30 აგვისტოს მოედო სენსაციური ცნობა: ისტორიკოსმა 56 წლის ჰენრი კუპრაშვილმა, ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილით, „მხედრული კოლხურით“ (ანუ ოთხგან ხელფეხშეკრულმა) დარდანელის სრუტე ევროპის კონტინენტიდან აზიაში, 12 კილომეტრი, 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა.
ცნობილია, რომ სრუტეთა თავისუფალი სტილით გადაცურვებს სათავე დაუდო ჯორჯ ბაირონმა. მსოფლიო მასმედიის მიხედვით, ჩვენთვის მთავარი, მაინც ამ 2002 წლის მოვლენაში ისაა, რომ ბაირონიდან 200 წლის შემდეგ, მესამე ათასწლეულის დასაწყისში, ქართველმა ჰენრი კუპრაშვილმა სრუტეთა გადაცურვაში ახალი, მანამდე სრულიად წარმოუდგენლი წესი დაამკვიდრა და სწორედ ამით შევიდა იგი მსოფლიო ცურვის ისტორიაში (შემდგომში დარდანელის სრუტე „მხედრული კოლხურით“ მისმა მოწაფემ, ანა ლომინაძემაც გადაცურა).
მაშინ ჰენრი კუპრაშვილის ეს მიღწევა მსოფლიო სენსაციის საგანი გახდა, რომელიც სხვა რამდენიმე თანმდევმა უნიკალურმა მოვლენამაც განაპირობა:
1) კაცობრიობის ისტორიაში შეიქმნა სრულიად ახალი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური განწყობა – ცნობილია, რომ წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ყოფნა ინსტიქტურად სიკვდილისადმი ცხოველურ შიშს იწვევს, ჰენრი კუპრაშვილმა კი ადამიანის მარად თანმდევი ეს დამთრგუნველი სინდრომი მოხსნა;
2) ცურვის შესახებ ადამიანის წარმოდგენა შეიცვალა – ერთგვარი აზრობრივი დატვირთვაც კი დაუკარგა ცნობილ შეგონებას: „წყალში ჩავარდნილმა ღმერთს შესთხოვა _ მიშველეო, ღმერთმა მიუგო _ ხელი გაანძრიე და გეშველებაო“;
3) გლობალური პრობლემებით დამძიმებულ მსოფლიოს უჩვენა – ჩვენი თანამედროვე ადამიანი რა გაჭირვებაშიც არ უნდა ჩავარდეს, როგორადაც არ უნდა შეუკრან მას ხელფეხი, სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს, ერთი შეხედვით თითქოს გამოუვალი მდგომარეობიდან ხსნა ყოველთვის მოიძებნება, მთავარია კაცმა უფლის რწმენა, სულიერი სიმტკიცე არ დაკარგოს;
4) მთელ მსოფლიოს ჰენრი კუპრაშვილმა გაუცოცხლა უძველესი ქართული ლეგენდა და კაცობრიობას შესთავაზა, როგორც კოლხეთის სწორუპოვარი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც ტიმ სევერინმა _ საბერძნეთიდან საქართველომდე (ისტორიულ კოლხეთამდე) ძველელადური ნიმუშის ხომალდით გაცურვით გააცოცხლა არგონავტების მითი, ჰაინრიხ შლიმანმა ტროას გათხრებით _ ჰომეროსის „ილიადა“, ხოლო ჯორჯ ბაირონმა დარდანელის სრუტის გადაცურვით ლეანდრეს და ჰეროს სიყვარულის ლეგენდა; მსოფლიოში დღეს უკვე აღიარებულია, რომ მივიწყებულ ცურვის უნიკალურ სახეობებს შორისაა სამხედრო–საწვრთნელი ცურვის ორად–ორი სახეობა იაპონური „სუიეი–ძიუცუ“ და ქართული “მხედრული კოლხური”.
დასარულს, ამ ისტორიული გადაცურვის 15 წლის საიუბილეიოდ ჩვენ შეგვიძლია ვახაროთ ჩვენს გულშემატკივრებს, რომ იუნესკოს მიერ უკვე აღიარებული ქართული ანბანის, ქართული მრავალხმიანი სიმღერის, ქართული ქვევრის ღვინის, ქართული ჭიდაობის კვალდაკვალ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად მზადდება ცურვის უნიკალური ქართული სახეობა „მხედრული კოლხურიც“.
გვანჯი მანია – „გიორგი“ კავშირის (სარეკორდო მოძრაობა) თავმჯდომარე, ამ ისტორიული გადაცურვის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი