სახელმწიფოს მევალეებმა ბიუჯეტში ვალის დაბრუნება დაიწყეს. საუბარია 2008-2009 წლებში განხორციელებულ "იაფი კრედიტის" პროგრამის ფარგლებში გაცემულ თანხებზე, რომელიც მთავრობამ 7 წლის ვადით, საკმაოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთით გასცა.
ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ იაფი კრედიტის ფარგლებში სულ დაახლოებით 65 მლნ ლარი გასცა, მათ შორის 62,4 მლნ ლარი 2008 წელს, ხოლო 2,4 მლნ ლარი 2009 წელს.
ფინანსური კრიზისის ფონზე "იაფი კრედიტის" პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს თანხის გადახდის პრობლემა შეექმნათ, რაზეც მთავრობამ იმსჯელა და საშეღავათო პერიოდი ერთი წლით გაუხანგრძლივა. რიგი კომპანიებისათვის ამ დროისთვის საშეღავათო პერიოდი უკვე ამოწურულია და ბენეფიციარებმაც ვალის დაბრუნება დაიწყეს.
"იაფი კრედიტის" ფარგლებში კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური პერიოდი 7 წლით, ხოლო საშეღავათო პერიოდი 2 წლამდე განისაზღვრა.
ბენეფიციარებს მოეთხოვებოდათ სესხების უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე, სესხის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. პროგრამის ფარგლებში კრედიტები გაიცა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ხალხური რეწვისა და სხვა სექტორებში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, აგრეთვე აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე სუბიექტებისთვის.
"იაფი კრედიტის" ფარგლებში ყველაზე მეტი პროექტი 2008 წელს დამტკიცდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2008 წელს 117 პროექტი, ხოლო 2009 წელს 16 პროექტი დაფინანსდა.
"იაფი კრედიტის" გადანაწილებისას პრიორიტეტი ექსპორტის წახალისებაზე ორიენტირებულ პროექტებზე გაკეთდა, რაზეც 2008 წელს პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების 31 %-ი მოდის.
წისქვილ-კომბინატებისა და ფქვილის წარმოების გაფართოებაზე 2008 წელს მთავრობამ 19 მლნ. ლარის დაბალ პროცენტიანი სესხი გასცა, რაც მთლიანად გაცემული სესხების 30 %-ია. 12 მლნ. 900 ათასი ლარის კრედიტით კი ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაფინანსდნენ, რითაც ხელისუფლებამ რთველის კარგად ჩატარების გარანტია მიიღო.
2008 წელს "იაფი კრედიტის" მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს 1431 ბენეფიციარმა მიმართა, რომლებიც 380 მლნ. 500 ათასი ლარის პროექტების დაფინანსებას ითხოვდნენ. საერთო ჯამში კი მთავრობამ გასულ წელს 117 პროექტი დააფინანსა, რომელთა საერთო ბიუჯეტიც 62 ათას 400 ათასი ლარია.