დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი დაიკითხა. სასამართლოს ჩვენება მისცა ასევე საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ტარას შავშიშვილმა.
მათი დაკითხვის შემდეგ საქმის პროკურორები აცხადებდნენ, რომ მამალაძე, ოხანაშვილი და შავშიშვილი შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორებას ერთად განიხილავდნენ. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს დეკანოზ მამალაძის ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი.
„შორენა თეთრუაშვილი პრობლემას უქმნიდა მთელ საპატრიაქროს, შესაბამისად საპატრიარქოში არსებული პრობლემების გამო, პატრიარქი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შორენა თეთრუაშვილი ჩამოსაშორებელი იყო. ეს მხოლოდ ოხანაშვილის, ან მამა გიორგის პოზიცია არ ყოფილა. ეს იყო საპატრიარქოში ჯანსაღი, მოაზროვნე ნაწილის ერთსულოვანი პოზიცია, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო. სხვა შემთხვევაში, ინტრიგებს, რომელიც იქ იხლართებოდა, დასასრული არ ექნებოდა. თეთრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება პატრიარქმა 3-ჯერ მიიღო და ამდენჯერვე უკან დააბრუნა მეუფე იაკობისა და სხვა სასულიერო პირების შუამდგომლობით, თხოვნით“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ მეხრიშვილმა.
მან ტარას შავშიშვილის ჩვენებაზეც ისაუბრა.
„ტარას შავშიშვილმა ჩენებისას გაიხსენა, თუ როგორ უთხრა მას დეკანოზმა, შორენა ხომ არაფერს „გიჩალიჩებსო“, რადგან მას ასეთი შთაბეჭდილება დარჩა. სხვათა შორის, შორენა თეთრუაშილი საკუთარ მოსაზრებებს, როგორც პატრიარქისას, ასე აზიარებდა. ამის გამო პატრიარქი თეთრუაშვილს კვირების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა მიუხედავად იმისა, რომ ეს პატრიარქის შინაგან ბუნებას აბსოლუტურად არ ესადაგებოდა.
სოსო ოხანაშვილმაც დაახლოებით, ანალოგიური ჩვენება მისცა. მანაც განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილმა დღიდან მისი დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისა, ბრძოლა გამოუცხადა. სურდა, რომ უსაფრთხოების სამსახურის საქმეებში ჩარეულიყო. როგორც კი ამის საშუალება არ მიეცა, მან ოხანაშვილი აითვალწუნა. ოხანაშვილმა სასამართლოში ისიც განაცხადა, რომ თეთრუაშვილი პირადად სთხოვდა გველის შხამი მოეძიებინა. თუმცა, მან ამაზე ასეთი პასუხი გასცა, რომ გველის შხამს ვერ მიუტანდა, მაგრამ თუ გველს დაიჭერდა, თავს მოაჭრიდა და თვითონ გამოეწურა შხამი“, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ ადვოკატმა.
საქმის პროკურორების იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც მამალაძე, ოხანაშვილი და შავშიშვილი ერთად განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორებას, შესაძლოა თუ არა მათ მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყონ, ადვოკატი, აცხადებს, რომ ეს გამორიცხული არ არის. თუმცა, იქვე დასძენს, რომ დევნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.
„იმის საფუძელზე, როცა ამ საქმეში მამა გიორგის საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, ბრალდების მხარე მისთვის ბრალის წაყენებას არ მოერიდა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. შესაბამისად გამორიცხული არ არის, ოხანაშვილის მიმართაც რაღაც ისეთი არარსებული საფუძველი გამოძებნონ, რომ მის მიმართაც დაიწყონ დევნა. ამის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა, წინასწარ იმის განსაზღვრა, ბრალდების მხარე ასე მოიქცევა თუ არა, არ შემიძლია“, - აცხადებს მეხრიშვილი.