სულაც არ სჭირდება რუსეთს ჩემოდანი სახელურის გარეშე, რომელშიც მოთავსებულია ქვები სამხრეთ ოსეთიდან და მანდარინები აფხაზეთიდან. თავად საქართველოც კი უკვე რუსეთისათვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ხოლო რაც რუსეთისათვის მართლა მნიშვნელოვანია ეს არის საკითხი რუსეთის მომავლის შესახებ. ასე იწყება რუსი პუბლიცისტის, პოლიტოლოგის, რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ბლოგერის ლეონიდ რადზიხოვსკის სტატია სახელწოდებით "ზერკალო დლია როსიი", რომელიც მას საკუთარ ბლოგზე აქვს განთავსებული.
"აქ უკრაინა და საქართველო _ ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლობელი მაგალითებია. ქართული და უკრაინული სარკეები _ ჩვენზეა. მათში ჩვენ ჩვენს თავს ვხედავთ და როგორც არ უნდა იყოს საქართველო და უკრაინა ეს დსთ-ს ქვეყნების პოლიტიკური თავისუფლების ყველაზე ნათელი და რეალური მაგალითებია. Uუკრაინა - უკრაინაში იყო და არის დემოკრატია. ოლიგარქული ტელეარხები. იქ შეიძლება ღიად ლანძღო პრეზიდენტი და ქვეყანა არ დაიქცა ამის გამო, თუმცა პრეზიდენტი მაინც არაფერზე არ აგებს პასუხს. იქ არის ქრთამი, მილიციელების ხამობა, დნეპრიც მდიდრებსა და ღარიბებს შორის გადის, იქ არის საბჭოური სწრაფვა ევროპისკენ და ასევე საბჭოური სიძულვილი ნატოსი _ უკრაინის მაგალითი კარგად აჩვენებს თუ როგორი შეიძლება იყოს დემოკრატია რუსეთში და როგორია მისი რეალური შესაძლებლობები", _ წერს რადზიხოვსკი და საუბარს საქართველოს, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ "კიდევ უფრო საინტერესო მაგალითზე" აგრძელებს.
"ღეჭავს სააკაშვილი ჰალსტუხს თუ არა, ეკიდება "ყველაფერს რაც მოძრაობს" თუ არა, დაიწყო მან ომი თუ არა, სძულს მას რუსეთი თუ არა იგი უდავოდ _ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეა. თუ არა ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე დსთ-ში. მხოლოდ ის, რომ მან მოსპო მექრთამეობა ან ძალიან შეზღუდა იგი - უკვე მიღწევაა. მხოლოდ ის, რომ მან გამოძერწა საქართველოსგან სახელმწიფო - უკვე მიღწევაა. მოხსნა მარყუჟი ბიზნესს და გაამარტივა ყველა ბიუროკრატიული პროცედურა - უკვე მიღწევაა.
ცვლილებები საქართველოში ნამდვილად რუსეთზე მეტი რომ არის ეს ფაქტია.
ახლა კი როგორც ირკვევა სააკაშვილი "პუტინის გზით" აპირებს სიარულს. იგი გახდება ძლევამოსილი პრემიერი პრეზიდენტ-მემკვიდრის ზურგს უკან. მეტიც სააკაშვილი უკვე კარგა ხანია უკვე რუსეთის გზას ადგას _ "დამოუკიდებელი ტელევიზია" საქართველოში დე-ფაქტო ლიკვიდირებულია, მართალია არა იმ ხარისხში, როგორც რუსეთში მაგრამ მაინც თანამიმდევრულად. მართალია არის ტელევიზიები სადაც ლანძღავენ პრეზიდენტს - მაგრამ ასეთები რუსეთშიც არის. მართალია საქართველოში იყო მიტინგები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ჯერ მათ არბევდნენ მერე ისინი თავად დაიშალნენ...
ასე, რომ სააკაშვილი _ აშშ-ს კადრი, მაკკეინის კარგი მეგობარი, "ბუშის პროსპექტის" შემქმნელი, ადამიანი რომელიც ლექციებს კითხულობს აშშ-ს უნივერსიტეტებში და რომლის გარემოცვა ამერიკულ-ქართულია _ შეგნებულად მიდის დემოკრატიის შეკვეცაზე. ჯერ-ჯერობით ფრთხილად. იგი მიდის "სრული დემოკრატიის" უარყოფაზე თან ამის გაკეთება ისევე რთულია (მისი კავშირებიდან და გარემოცვიდან გამომდინარე) როგორც მაგალითად პუტინს გაუძნელდებოდა "ამერიკული დემოკრატიის აშენება". ავტორიტარული მოდელის მშენებლობაზე კი სააკაშვილი იმიტომ მიდის, რომ სხვა ვარიანტს ვერ ხედავს. აი ასეთი საინტერესოა საქართველოს გამოცდილება თუმცა რით დასრულდება იგი ჯერ ჯერობით რეალურად არავინ არ იცის", _ აცხადებს ლეონიდ რადზიხოვსკი.