ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ რიგით მეორე ტურნირს სახელწოდებით “, „JR.NBA – GBF ლიგა“ , რომლის პარტნიორიც საქართველოში ამერიკის საელჩოა.
კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, „ JR.NBA – GBF ლიგა“, პირველად შარშან ჩატარდა. წლევანდელი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპში 68 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
„ JR.NBA – GBF ლიგა“ საქართველოს რეგიონებში - იმერეთში, კახეთში, აჭარაში, შიდა და ქვემო ქართლში ჩატარდება და 6 ქალაქს მოიცავს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის, ფოთის, ბათუმის, გორის, ოზურგეთის, კასპის, ხაშურის, რუსთავის, თელავისა და თბილისის გუნდები: მთლიანობაში 30 საუკეთესო საკალათბურთო სკოლის გუნდი.
„JR.NBA – GBF ლიგის“ 30 გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო კლუბს წარმოადგენს და ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღებს შესაბამისი კლუბის მაისურს. შეჯიბრების დაწყებამდე შედგება „ JR.NBA – GBF ლიგის“ ოფიციალური ვებგვერდის პრეზენტაცია, რომელიც ოპერატიულად გააშუქებს ტურნირის მსვლელობას.
JR.NBA, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამა მოიცავს ფუნდამენტალურ საფუძვლებს, ასევე თამაშის მთავარ ფასეულობებს, რომლებიც თავის მხრივ ეხმარება მომავალ კალათბურთელებს, ასევე მწვრთნელებსა და მშობლებს, გაიღრმავონ სათამაშო ცოდნა და გამოცდილება.
მსოფლიოს 34 ქვეყნის მასშტაბით 2016-2017 წლების სეზონის JR.NBA-ში მონაწილეობას იღებს 7 მილიონი ბავშვი.
NBA-ს მსგავსად, „JR.NBA საქართველოს“ ლიგაში გუნდები დაიყოფიან ორ კონფერენციად და 6 დივიზიონად. ტურნირი მაისში დაიწყება და ივნისის ბოლომდე გასტანს. 6 დივიზიონიდან პლეი ოფში საუკეთესო 8 გუნდი გავა. თითო კონფერენციის 2-2 საუკეთესო გუნდი ფინალურ მატჩებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს, რომელიც თბილისში გაიმართება და გამოავლენს „JR.NBA – GBF ლიგის“ ჩემპიონს.
ტურნირის მხარდამჭერნი არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. „JR.NBA – GBF ლიგაში“ 2005-2006-2007 წლებში დაბადებულ ვაჟთა და გოგონათაგან დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ.