ნევროლოგიის ამერიკული აკადემიის სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, სადაც დამტკიცებულია, რომ ცხელი შოკოლადი ეფექტურად ებრძვის სიბერის ჭკუასუსტობის ნაადრევ განვითარებას. კვლევების მონაწილე 60 ადამიანი გახდა, რომელთა ასაკი, საშუალოდ, 73 წელს შეადგენდა და ისინი არ იტანჯებოდნენ დემენციით. ყველა მონაწილეს დღის განმავლობაში სთავაზობდნენ, მიეღოთ 2 ფინჯანი ცხელი შოკოლადი. ამასთანავე, მათ მიერ შოკოლადის მიღება იზღუდებოდა. შემდგომ მკვლევარებმა მონაწილეებს შესთავაზეს, ჩაეტარებინათ ტესტი, რათა შეეფასებინათ მეხსიერების მდგომარეობა და კოგნიტიური აზროვნება, ასევე ჩაატარეს ტვინში სისხლის მიმოქცევის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
“ისეთი სერიოზული დაავადების, როგორიცაა ალცჰეიმერი, განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორს სწორედ სისხლის მიმოქცევა წარმოადგენს, რომელიც პასუხისმგებელია სისხლძარღვთა ნერვულ კავშირებზე”, _ აღნიშნეს კვლევების ავტორებმა.
შედეგად, კვლევებში მონაწილე 60 ადამიანიდან 18-ს აღენიშნებოდა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. დანარჩენი მოხალისეების მონაცემები არ შეცვლილა. ამასთანავე, კვლევების ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს მთელი რიგი დამატებითი კვლევები, რათა დაამტკიცონ კავშირი კაკაოს, ტვინში სისხლის მიმოქცევასა და კოგნიტიურ აშლილობას შორის.
“მართალია, კვლევები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება მეცნიერებს, ორიენტირება მოახდინონ შემდგომ კვლევებში”, _ აღნიშნავს ექიმი როზენბერგი.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, შოკოლადში არსებული ანტიოქსიდანტების წყალობით, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ შოკოლადს, ერთი წლით მეტხანს ცხოვრობენ.