სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდა უფროსების მოსმენა ისწავლონ.
ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში დღეს იქადაგა.
"თაობებს შორის არის განსხვავება, მაგრამ მათ შორის არ უნდა იყოს წინააღმდეგობა. უფროსი თაობა უფრო გამოცდილია გაჭირვებაში, ამიტომ უმცროსმა თაობამ უნდა მოუსმინოს მას და გაიზიაროს გამოცდილება და გაიხსენოს ის შეცდომები, რომლებიც იყო დაშვებული წარსულში. უფროსმა თაობამ უნდა გაუგოს ახალგაზრდებს. კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, უნდა სიყვარული ვაჩვენოთ. სიყვარული კურნავს იმ ნაკლს, რომელიც მათ აქვთ", - განაცხადა პატრიარქმა.
ამასთან, პატრიარქის შეფასებით, დროსთან ერთად იცვლებიან ადამიანებიც და მნიშვნელოვანია, თუ როგორ იცვლება ადამიანი.
"ადამიანის წინაშე დგას კიბე, რომელიც ჯოჯოხეთში იწყება და სასუფეველში მთავრდება. ეს ცვალებადობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი თავი და ჩვენი თვისებები. მომანიჭე მე უფალო განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ბედნიერია ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ცოდვების განცდა. ის დგას კიბეზე და მიდის მაღლა. ადამიანი, რომელიც განიკითხავს მას - დაბლა ეშვება", - აღნიშნა ილია მეორემ.
დღესვე უწმინდესმა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი პავლე ჯანგავაძე, ასევე, ოქროს ჯვრით დააჯილდოვა დეკანოზი ანთიმოზ ბიჩინაშვილი, ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა მღვდელი ილია ჩაკვეტაძე. პატრიარქმა დალოცა აგრეთვე მგელაძეებისა და ფულარიების გვარი და ასევე საპატრიარქოს მგალობელთა ბაზაზე შექმნილი მგალობელ ბავშვთა გუნდი.