აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ "რომელი დიქტატორიც არ უნდა მართავდეს საქართველოს ევროპა მაინც გააგრძელებს მის მხარდაჭერას". ეს განცხადება ღვინჯიამ დღეს სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საფრანგეთში განხორციელებული ვიზიტის კომენტირებისას გააკეთა.
"ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ელჩებს, რომლებიც აფხაზეთში ჩამოდიოდნენ მრავალი წლის განმავლობაში, რომ ევროპა არასოდეს გაწირავს საქართველოს. 2008 წელს ჩვენ ვაფრთხილებდით მათ, რომ საქართველო ომისათვის ემზადება. ჩვენ კი გვპასუხობდნენ, რომ თუკი საქართველო ამას მართლა გააკეთებს მას მკაცრი პასუხი მოეთხოვება ამისათვის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და რომ მას მოუწევს დაივიწყოს ნატოს წევრობაზე და პროექტებზე რომელსაც ევროპა აფინანსებს", _ აცხადებს ღვინჯია და დასძენს, რომ აფხაზური მხარე ყოველთვის პროგნოზირებდა, რომ ომის მიუხედავად, ევროპა მაინც "ჩაეხუტებოდა" საქართველოს.
"ლოდინი დიდ ხანს არ დაგვჭირდა _ ჩვენი ყველა პროგნოზი გამართლდა. სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში ან ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანაში არის დასტური იმისა, რომ ევროპას თავისი ინტერესი აქვს კავკასიაში და საქართველოში, რომელზეც უარს არასოდეს არ იტყვის", _ აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები