1-2 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის ორგანიზებით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017 წლის სეზონის გახსნას უმასპინძლებს.
ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი დღით ადრე, მხარდამჭერი მარათონი თბილისში, ვარდების მოედანზე გაიმართა. ავტომობილების გამოფენა-მსვლელობაში TCR International Series-ის მრბოლელები, ასევე, Porsche Club Georgia-ს ავტომანქანები და მოტოკლუბი GUARDIANS-ის მოტოციკლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და TCR International-ის დამფუძნებელი მარჩელო ლოტი დაესწრნენ.
„რამდენიმე თვის წინ შსს-ს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოში პირველად იმართება ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატი. დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი, რომელიც შსს-ს ორგანიზებით ტარდება, ხელს შეუწყობს მსოფლიო სპორტულ რუკაზე საქართველოს დამკვიდრებას, ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებას და სპორტული ტურიზმის განვითარებას.
მოხარული ვარ, რომ ისეთი მაღალი კლასის სპორტსმენები, როგორიც არიან TCR International-ის მრბოლელები, შეუერთდნენ შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას. ჩვენ ერთად მოვუწოდებთ საზოგადოებას - დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ადრენალინი კი მხოლოდ ავტოდრომებზე დავხარჯოთ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მარათონის პარალელურად, შსს-ს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩემპიონატის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომომასალა დაურიგეს.
TCR international-ი შსს-ს კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, გასულ წელს შეუერთდა. შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე დათა ქაჯაიამ, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას, საკუთარ სარბოლო ავტომანქანაზე კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები განათავსა.
შსს-ს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის ავტორბოლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის გახსნას, ასევე, 2018 და 2019 წლების სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს.
ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს ცნობილი ავტომრბოლელები მიიღებენ, მათ შორის, ქართველი ავტომრბოლელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრი დათა ქაჯაია.
საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.