საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მთავრობას კახეთში წინასწარ აქტიური ქმედებები, რომ არ განეხორციელებინა, ზარალი ხუთჯერ უფრო მეტი იქნებოდა. ეს განცხადება პეტრე ცისკარიშვილმა, დღეს პარლამენტის სესიაზე გააკეთა. როგოც მან აღნიშნა, ვითარება კახეთში საკმაოდ რთულია, თუმცა იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ დღეებში მედიამ რატომღაც იმ საკითხზე არ გაამახვილა ყურადღება, რომ წინასწარ ჩატარდა აღდგენითი და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები, რამაც სტიქიის ზარალი მნიშვნელოვნად შეამცირა.
"რომ არა ის სამუშაოები, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, ზარალი ხუთჯერ მაინც მეტი იქნებოდა. მე არ ვიცი მედიაში ეს სათანადოდ, რატომ არ გაშუქდა, მაგრამ ფაქტია" - აცხადებს ციკრაიშვილი და ასახელებს რამდენიმე სოფელს, რომელიც კახეთში წყალდიდობას სწორედ იმიტომ გადაურჩა, რომ აქ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშენდა სათანადო ინფრასტრუქტურა, რაც მისი თქმით მთავრობის დამსახურებაა.