კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი რომ დავრჩე, ასე არ მინდა... ასეც ვიქნებოდი, სწავლა რომ უფრო ადრე არ დამეწყო, ვიდრე პროფესიული სპორტი, ამბობს სპორტსმენი არჩილ შაშურაშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია.
„იურისტობა უფრო პატარა ასაკში ავირჩიე, პირველი კლასიდანვე მინდოდა, ძალისმიერ სამჭიდში ასპარეზობა კი ჩემი ზრდასრული ასაკის არჩევანია. ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნავ, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. აშშ-ში იურისტობა, რა თქმა უნდა, სარფიანი პროფესიაა, მაგრამ საქართველოში მიღებული განათლებით აქ რაიმეს მიღწევა და სამსახურის შოვნა, ცხადია, რთულია, სპორტით კი მეტი გასაქანი მაქვს. ჩემთვის სპორტი იმდენად ძვირფასია, რომ მასზე უარის თქმა არ შემიძლია“, - გვითხრა არჩილმა და ამერიკული სპორტული ცხოვრების, მიღწევების და გეგმების შესახებ „ჯი ეიჩ ენს“ ესაუბრა.
საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ათლეტიზმის ძალოსნური სახეობა _ ძალისმიერი სამჭიდი, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით შეჯიბრებები ტარდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მართალია, ამ სახეობაში ჯერ ბევრი სპორტსმენი არ გვყავს, მაგრამ თურმე, დაინტერესებას ქართველი გოგონების მცირე ნაწილიც გამოთქვამს.
სპორტის ამ სახეობით რამდენიმე სპორტსმენი აშშ-ში ჩვენს ქვეყანას წარმოაჩენს და შეჯიბრებებში საკმაოდ აქტიურადაც არიან ჩართულები.
არჩილ შაშურაშვილი:
ამჟამად პენსილვანიის შტატის ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც 8-9 აპრილს ფილადელფიაში გაიმართება. ვფიქრობ, ნორმალურ ფორმაში ვარ, ამ შეჯიბრის მოგების იმედი მაქვს და მინდა, მეტ წარმატებას მივაღწიო. ივლისში, 16 ივლისის ჩათვლით, აშშ-ში `თავისუფალი თამაშები~ გაიმართება, მე 8 ივლისს გამოვალ და ყველანაირად ვცდილობ, ისეთ ფორმაში ვიყო, რომ აქ ჩემი ქვეყანა ვასახელო. ღია ჩემპიონატია, სპორტსმენები, შესაძლოა, სხვა შტატებიდანაც იყვნენ, მაგრამ ძირითადად, პენსილვანიიდან იქნებიან. მე, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელით გამოვდივარ.
რამდენად რთულია აშშ-ს ფაუერ ლოფტინგში მოხვედრა?
ძალიან რთულია, რადგან ერთ-ერთი უძლიერესი ფედერაციაა. მოვახერხე და შევძელი მონაწილეობის უფლების მოპოვება, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლავთ, ამ ფედერაციაში ქართველი ჯერჯერობით არ ყოფილა. იმდენად ძლიერი ფედერაცია, რომ რეგისტრაციისას, მილიონზე მეტი სპორტსმენი იყო დარეგისტრირებული. წარმომიდგენია, რამხელა კონკურენცია იქნება, მათგან საუკეთესოები რომ ამოირჩევა და `ლიბერთი გეიმსში მიიღებს მონაწილეობას.
სპორტული ცხოვრება რა ასაკში დაიწყეთ?
6 წლის ასაკიდან ვვარჯიშობ, სპორტი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. თავიდან ჭიდაობით დავიწყე, მაგრამ მცირე ტრავმების გამო, სამწუხაროდ, თავის დანებება მომიწია, თუმცა ვარჯიში მაინც განვაგრძე და 2006 წლიდან, აქტიურად ჩავერთე ძალისმიერ სამჭიდში. ერთ თვეში საქართველოს თასის გათამაშებაში ჩემპიონი გავხდი, საქართველოს ჩემპიონატზე კი უკვე _ რეკორდსმენი. ამჟამად, საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენი და სპორტის საერთაშორისო ოსტატი გახლავართ, 2010 წელს საქართველოს უძლიერეს მამაკაცად დამასახელეს, ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო ჩემპიონატზე. სპორტსმენი ტრავმისგან დაზღვეული არასდროსაა და სამწუხაროდ, 2010 წლის მსოფლიო თასის გათამაშებას გამოვეთიშე. შეიძლება გახსოვდეთ, 2011 წელს, სატელევიზიო პროექტ `ნიჭიერში გამოვედი, სადაც საკუთარი ძალის დემონსტრირებას მანქანის დატრიალებით შევეცადე. მოგვიანებით, რაღაც დროით, სპორტისთვის თავის დანებებამ კვლავ მომიწია, რადგან გარკვეულ ვითარებაში თვალზე მძიმე ტრავმა მივიღე... თუმცა, საყვარელ საქმეს 2014 წელს კვლავ დავუბრუნდი. პეტერბურგში ყოველ წელს ტარდება შეჯიბრი, სადაც მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს 10 საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენა ხდება. მოვინდომე, მიზანი თითქმის ბოლომდე მივიყვანე, საკვალიფიკაციო წარმატებით გავიარე და მსოფლიოს ათ საუკეთესოში მოვხვდი _ რეინტინგით მეოთხე ვიყავი. 2015 წლის ტოპ ათეულშიც მივიღე მონაწილეობა. უამრავი მედალი და სიგელი მაქვს. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ავიღე. მსოფლიო კლასიკურ ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავედი. მე 105 კილოგრამ კატეგორიაში გამოვდივარ, ვარჯიშზე სამჯერ დავძლიე 420 კილოგრამიანი შტანგა. ორჯერ მაქვს აწეული ჩაჯდომის 500 კილოგრამი.
ასეთი მძიმეწონიანი შტანგების აწევა საკმაოდ რთულია. როგორ ახერხებთ?
გონება უნდა მიმართო, მთავარია, კონცენტრაცია, მონდომება, ფსიქოლოგია, მიზანდასახულობა, უნდა დაიჯერო, რომ შენ ეს შეგიძლია. ეს ყველაფერი ნერვული სისტემიდან იმართება. ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემს მეგობრებს, მოსწავლეებს მაგალითი მივცე ჩემი ქცევით.
მოსწავლეებიც გყავთ?
დიახ, საქართველოში წარმატებული მოსწავლეები მყავს. ერთ-ერთი გოგონაა _ თინათინ კეშელავა, 59 კილოგრამი წონით კატეგორიაში 160 კილოგრამი აქვს დაძლეული ჩაჯდომში. ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვურჩევ იყვნენ თავმდაბლები, მომთმენები, ნუ იჩქარებენ და დაუჯერონ ტრენერებს, მშობლებს და არამხოლოდ სპორტულად, გონებრივად, პიროვნულად განვითარდნენ. მთავარია მიზანი, მონდომება და შედეგიც არ დააყოვნებს. ჩემი ამჟამინდელი ტრენერი ბატონი ნიკოლოზ სარალიძეა. მას დიდ მადლობას ვუხდი მხარში დგომისთვის, აშშ-ში ჩემი ყოფნა სწორედ მისი დამსახურებაა. წარმატებები მინდა ვუსურვო.
გიორგი საკარული, ჯი ეიჩ ენი