ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათმა განაცხადა, რომ თეირანი ხელს შეუშლის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით შეთანხმებული სატრანზიტო დერეფნის აშენებას. ამის შესახებ მან Tasnim-თან ინტერვიუში განაცხადა.
ველაიათიმ განაცხადა, რომ ირან-სომხეთის საზღვრის გასწვრივ დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანულ ანკლავს, ნახიჩევანს, ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან დააკავშირებს, „დონალდ ტრამპის დაქირავებული მეომრების სასაფლაოდ გადაიქცევა და არა აშშ-ის პრეზიდენტის კუთვნილ მარშრუტად“.
ირანის უზენაესი ლიდერის მრჩევლის თქმით, დერეფანი „რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს ხელახლა დახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს“.
„შედეგად, ირანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ის იმოქმედებს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად, რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთიც სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს“, - განაცხადა ველაიათიმ.
8 აგვისტოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სატრანზიტო დერეფნის შექმნას, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ეწოდა.
საუბარია აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს შორის ტრანზიტზე, რომელიც სომხეთის სიუნიქის რეგიონს გაივლის. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 32 კმ-ია, ის სომხეთისა და ირანის საზღვრის გასწვრივ გაივლის.