საპარლამენტო უმრავლესობა, ქრისტიან-დემოკრატებს კერძო კომპანიებისადმი შერჩევით ლობირებაში ადანაშაულებს. ასეთი განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა დღეს სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ქრისტიან-დემოკრატებმა ხელისუფლებას "ბლოკ ჯორჯიასთან" ხელშეკრულების გაუქმება მოსთხოვეს.
ქრისტიან-დემოკრატების ამ განცხადებას პირველი უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯანდაცვის კომიტეტი ამ საკითხით დაინტერესებულია და ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაზე მონიტორინგს ახორციელებს. თოიძე მიიჩნევს, რომ ცალკეული პრობლემების მიუხედავად კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით ხელაღებით უარყოფითი შეფასების გაკეთება არ შეიძლება. აქცენტს კი იმაზე აკეთებს, რომ ორ კვირაში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა გაიმართება.
უმრავლესობის წარმომადგენლი, გიგი წერეთლი კი მიიჩნევს, რომ პარლამენტს ამ საკითხით დაინტერესების უფელბა ნამდვილად აქვს, თუმცა მისი თქმით, ამ კომპანიის მუშაობა შეაფერხა ობიექტურმა მიზეზებმა, როგორიც იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი და აგვისტოს ომი, თუმცა აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ პარლამენტს გააჩნია უფლება, მთავრობის ხედვა მოისმინოს. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტი მთავრობასთან ინტენსიურ მუშაობას ახორციელებს და აცხადებს, რომ ჰისპიტალური სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობა ახალ ხედვას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. უმრავლესობის წარმომადგენელმა, პეტრე ცისკარიშვილმა კი ქრისტიან დემოკრატები კომპანიებისადმი შერჩევით მიდგომაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "კომპანიების ამორჩევა იმის მიხედვით, ვისთან გაქვს კარგი ურთიერთობა და მომავალში ეს ურთიერთობა ვისთან უნდა შეინარჩუნო, არ შეიძლება. თუ კერძო ბიზნესს უჭერ მხარს, მაშინ ყველა კომპანიას ერთად უნდა უჭერდეთ მხარს" - განაცხადა ცისკარიშვილმა და ისიც ახსენა, რომ ცოტა ხნის წინ ქრისტიან დემოკრატები ერთ-ერთ კერძო კომპანიას ვადაგასული პროდუქციის გასაღებაშიც ლობირებდნენ და ამდენად მისთვის გაუგებარია ბლოკ ჯორჯიას მიმართ მათი ასეთი რეაქცია.