პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები შესაძლოა მალე გაუმჯობესდეს.
ამის შესახებ სიკორსკიმ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებისას მხარეებმა განიხილეს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო ბელარუსის ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების შესაძლებლობასაც.
„ეს პირველი, გაცნობითი შეხვედრაა, თუმცა ასევე მიმდინარეობს შეხვედრები სხვა სამინისტროებთან და სხვა დონეებზე. მალე მინსკში ჩვენი საელჩოს ახალი შენობის გახსნას ვაპირებთ. როდესაც მეზობელს ურთიერთობების გალღობა და გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის პირველია, ვინც შეთანხმებას აღწევს“, - განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მსგავსი დონის კონტაქტი, სავარაუდოდ, 2016 წლის შემდეგ არ ყოფილა.
„ახლა ჩვენს საზღვარზე ვითარება უფრო ნორმალიზებულია, ვიდრე წარსულში. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია იმასთანაც, რომ მომდევნო მთავრობებმა საზღვარზე ფექტიანი დამცავი ღობის მშენებლობაში ინვესტიცია განახორციელეს, თუმცა ჩვენ ასევე მივაღწიეთ პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის ანჯეი პოჩობუტის, გათავისუფლებას“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
პოლონეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში განსაკუთრებით დაიძაბა, მათ შორის ბელარუსის მიერ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერისა და პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო.