საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ბრიუსელში შედგა მინისტრის პირველი ოფიციალური შეხვედრა ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში შტეფან ფულესთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა და ამ თვალსაზრისით, 2010 წლის 17 ივნისს ისტორიული დღე უწოდეს.
ევროკომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოში 2010 წლის 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი პროგრესი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობა და განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხების ფართო სპექტრი; მათ შორის, ზემოთაღნიშნული ხელმოწერილი ხელშეკრულების, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასთან ერთად, ძალაში დროულად შესვლის ხელშეწყობა; ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობა; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მიზნით მიმდინარე წინამოსამზადებელი პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების აუცილებლობა.
ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს აქტიური მონაწილეობის როლი ისევე, როგორც ხსენებული ინიციატივის შემდგომი განვითარებისა და წარმატებით განხორციელების მიზნით შესაბამისი გზების ერთობლივად მოძიების აუცილებლობა.
შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკომისარმა ისაუბრეს ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცების პროცესში.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკის პრაქტიკულ განხორციელებასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობას.