პარლამენტში 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“, ვნახოთ, რას გააკეთებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ გადაწყვიტა, ერთ მდინარეში მეორეჯერ შესულიყო, თუმცა, საზოგადოებამ ნახა, რაც დაემართათ, საკუთარი ქცევიდან გამომდინარე.
„მანდატების შეწყვეტას რაც შეეხება, 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“ პარლამენტში, ვნახოთ, ისინი რას გააკეთებენ. ზუსტად ის არის, რაც, საბოლოო ჯამში, საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს. ვამბობდით, რომ ერთ მდინარეში მეორეჯერ არავინ შედის, ამათ გადაწყვიტეს, მეორეჯერ შესულიყვნენ იგივე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ საკუთარი ქცევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტისთვის განცხადებით რომ არ მოუმართავს, რას უკავშირებთ? შალვა პაპუაშვილი პასუხობს, „ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩვენი ინტერესის სფერო“.
„ერთადერთი, რაც შემაწუხებელია, რომ 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში, ამიტომ თუ გადაწყვეტენ, რომ დატოვონ პარლამენტი, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველანაირად. გახარია „ნაცს“ ვის ეძახის? სადაც „ქართულ ოცნებას“ უწოდა „ნაცი“, იქ სტაჟიანმა „ნაცებმა“ რომ მოსთხოვეს, აიღო ის ბანერი. ერთი ჩვეულებრივი დაჯგუფებაა, ჩანს უკვე, ამ დაჯგუფების ნაწილია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.