კონსტანტინე გამსახურდიას დეპუტატის უფლებამოსილება აღუდგა. პარლამენტმა მისთვის სადეპუტატო მანდატის აღდგენის საკითხს კენჭი რამდენიმე წუთის წინ, პლენარულ სხდომაზე უყარა.
გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნებას, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საკითხი 95 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ გადაწყდა.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გამსახურდიას დღესვე შესაბამის ფიცზე ხელმოწერა მოუწევს. ამასთან, მას ევალება საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია წარადგინოს. დეკლარაციის წარდგენისთვის გამსახურდიას მანდატის აღდგენიდან ზუსტად ერთი თვის ვადა ექნება.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდიამ წელიწადნახევრის წინ დახეული მანდატის აღდგენის სურვილი რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა. მან პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი შესაბამისი განაცხადი საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩააბარა, რის შემდეგაც საკითხი საპროცედურო კომიტეტმა განიხილა და დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა.