სამთავრობო საათზე შესაძლოა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც დაიბარონ. შესაბამისი მოთხოვნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა დავითაიამ დღევანდელ სესიაზე დააყენა.
დავითაიას განმარტებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო "არ პასუხობს მის მიერ გაგზავნილ წერილებს, რომლებიც საერთო საცხოვრებლებიდან აფხაზეთიდან დევნილების გახშირებულ გამოდევნას შეეხება".
"ბოლო დროს გახშირდა დევნილების გამოსახლებები. არაერთ შუამდგომლობას და მიმართვას ვაგზავნი ლტოლვილთა სამინისტროში, მაგრამ მათი პასუხი ჯერ არ მიმიღია. ერთ-ერთი პრობლემა აფხაზეთიდან დევნილ მამუკა მანიას უკავშირდება, რომელიც ჟურნალისტია და აქამდე ახალგორიდან და სამაჩაბლოდან დევნილებთან ერთად გორში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, თუმცა მხოლოდ იმის გამო, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია, გუშინ ფაქტობრივად, სახლიდან გამოაძევეს და უთხრეს, რომ მის პრობლემაზე აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ უნდა იზრუნოს. დევნილების ასეთი
დაყოფა არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა დავითაიამ.
აღნიშნულ კონტექსტში, მან ფრაქციის სახელით პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, შესაბამის უწყებას დაევალოს დევნილთა პრობლემებს მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს და "ის მაინც იკადროს, რომ წერილებზე, რომლებსაც დეპუტატები აგზავნიან, პასუხები გასცენ".
"ამასთან, ფრაქციის სახელით ვაყენებთ წინადადებას სამთავრობო საათზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრიც დავიბაროთ", - განმარტა დავითაიამ.
აღსანიშნავია, რომ დავითაიას წინადადებას სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. მან დავითაიას სუბელიანის სამთავრობო საათზე დაბარების წინადადება მოუწონა, თუმცა დეპუტატს რეგლამენტის შესაბამისას საკითხის წერილობითი სახით დაყენება ურჩია.