ვიდრე საქართველოსა და რუსეთის სათავეში მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი იმყოფებიან, ამ ორი ქვეყნის დაახლოება არ მოხდება, იმიტომ, რომ მათ შორის მიტაცებული ტერიტორიებია. ეს განცხადება დღეს რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისში გააკეთა, როდესაც რუსეთსა და საქართველოს მომავალი ურთიერთობების შესახებ კითხვას პასუხობდა.
"არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის და რა უთანხმოებები არსებობს, არც ამის განხილავს ვაპირებ, მაგრამ უახლოესი წლების განმავლობაში დიდ დაახლოებას არ უნდა ველოდოთ. თუ შეატყვეთ, თბილისი უკვე ჩამოვიდა რუსეთის საინფორმაციო საშუალებების პირველი თემებიდან და ერთგვარმა სიმყუდროვემ დაისადგურა. ამის მიზეზი კი, ჩემი აზრით, ოლიმპიადაა", _ განაცხადა განაპოლსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა კარგად იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს მისთვის ოლიმპიადას და საქართველომაც კარგად იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის ოლიმპიადას.
"ამასთან, რუსეთმა კარგად იცის, რა შეიძლება საქართველომ გააკეთოს იმისათვის, რათა ეს ოლიმპიადა ჩაშალოს. საზღვრისპირა სახელმწიფოს ხომ ბევრი რამ შეუძლია. არა მგონია, სააკაშვილი ამას აპირებდეს და ამიტომაც ორ ქვეყანას შორის ახლა სიმყუდროვეა. ოლიმპიადამდე ერთგვარი "ამოსუნთქვა" იქნება. მეტიც, მხარეებმა თითქოს უკან დაიხიეს ურთიერთლანძღვის საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", _ განაცხადა განაპოლსკიმ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ეს ორი ადამიანი ამ ქვეყნების სათავეში იმყოფება იგი დიდ ცვლილებებს არ ელის.