ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ მატვეი განაპოლსკი დღეს თბილისში სააგენტო "რია ნოვოსტის" საერთაშორისო პრესცენტრში პრესკონფერენცია გამართა, რომლის მსვლელობისას ქართველი ჟურნალიტების ყურადღება ორ ახალ ამბავზე გაამახვილა.
განაპოლსკი მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ იგი ყირგიზეთში ჯარს არ შეიყვანს და მის ამ გადაწყვეტილებას მართებული უწოდა.
"ჯარი ყველგან ერთნაირად შედის, ჩვენ კარგად ვიცით როგორაც, მთავარი შესვლა კი არა გამოსვლაა, ანუ ის თუ როგორ დატოვებს ეს ჯარი ამა თუ იმ ტერიტორიას", _ განაცხადა ჟურნალისტმა და დასძინა, რომ მეორე ამბავი მისთვის ნაკლებად სასიხარულოა.
"მეორე ახალი ამბავი არის ის, რომ როგორც მე გავიგე რუსეთს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დიდი თავის მტვრევა" არ მოუწევს და ორი რეალური კანდიდატი ეყოლება. მედვედევი ან პუტინი ან პუტინი ან მედვედევი. მორჩა. ეს არის "რუსი ხალხის არჩევანი" და მისი დემოკრატიის პიკი", _ აცხადებს განაპოლსკი და დასძენს, რომ ანუ, დღესვე უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.
"მე, რუსეთის მოქალაქე არ შევშფოთდები და თავს არ შევიწუხებ იმაზე ფიქრით, თუ ვინ იქნება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი. საქმე კარგად მაქვს, ვიცი ან იქნება მედვედევი ან პუტინი, მოკლედ ყველაფერი "მშვენივრად" მაქვს. აი ეს არის რუსული დემოკრატია", _ აცხადებს განაპოლსკი.