დღეს, 3 ნოემბერს, 14:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" ახალი ორგანიზაციის _ "სოციალ დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის" _ პრეზენტაცია გაიმართება. ორგანიზაციის ქმნიან ქართველი მეცნიერები და საზოგადოების ფართო წრეების წარმომადგენლები.
"პოლიტიკური ორგანიზაცია "სოციალ დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის" იქმნება ქვეყნის და მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ვითარებაში. მსოფლიოში სრულდება ნეოლიბერალიზმის უპირობო დიქტატის ეპოქა. კაცობრიობა ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური პარადიგმების ძიებაშია. ამ ეპოქალური ცვლილებების ფონზე საქართველო დროს და რეალობას ჩამორჩენილ სახელმწიფოდ წარმოჩინდება, არც არსებული ხელისუფლება და პოლიტიკურ ჯგუფთა მნიშვნელოვანი ნაწილი ასახავს ამ ცვლილებებს საკუთარ მოქმედებაში, მეტიც, ცდილობს თვალი დახუჭოს მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებზე და იმოქმედოს ძველი წესებითა და სტერეოტიპებით", _ აღნიშნულია ორგანიზაციის დამფუძნებელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, ორგანიზაციის შექმნის მიზანია, საზოგადოებამ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს და განვითარების გზაზე დააყენოს.