თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. გაზეთ „ლელოს“ ინფორმაციით, საქმის განხილვა პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.
23 დეკემბერს, არჩევნებში, მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა. არჩევნებში, სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.
სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება.
განჩინება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაეგზავნა. სარჩელის საფუძველი დელეგატთა რეგისტრაციის წესს უკავშირდება.
ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.