ფიფას ტექნიკური დირექტორი მარკო ვან ბასტენი ახალი ინიციატივით გამოდის. მას ყვითელი და წითელი ბარათების და თამაშგარე მდგომარეობის გაუქმება სურს.
„ვშიშობ, ჩემს ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები ეყოლება, მაგრამ ამაზე ბევრი მიფიქრია და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ფეხბურთში დაჯარიმების სისტემა უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, ისევე, როგორც კალათბურთში, ფეხბურთელი მოედანს 5 ფოლის შემდეგ უნდა ტოვებდეს. რაც შეეხება თამაშგარე მდგომარეობას, ის აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგანაც დღეს ფეხბურთი ხელბურთს დაემსგავსა. 9 მოთამაშე და მეკარე საჯარიმო მოედანს ავიწროვებენ და ხელოვნურ კედელს ქმნიან,“-აღნიშნა ვან ბასტენმა.
ჰოლანდიელის თქმით, უნდა გაუქმდეს პენალტების სერიაც და ის ე.წ. ბულიტებმა უნდა შეცვალოს:
„ყველა გუნდს ექნება 5 მცდელობა. მსაჯის სასტვენის შემდეგ ფეხბურთელი 25 მეტრიდან მირბის კარისკენ და 8 წამის განმავლობაში უნდა დაარტყას. მეკარეს საჯარიმოს დატოვების უფლება არ აქვს. თუ ფეხბურთელს გოლი გააქვს, ბულიტი დასრულებულია.“