აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის ბრძანება გასცა, რათა დონალდ ტრამპის გამარჯვებისთვის შეეწყო ხელი.
„რუსეთის მიზანი იყო საზოგადოების რწმენის შერყევა დემოკრატიული პროცესებისადმი, ჰილარი კლინტონისთვის ჩირქის მოცხება და ზიანის მიყენება მის შანსებზე ყოფილიყო არჩეული პრეზიდენტი. ჩვენ ვთვლით, რომ პუტინსა და რუსეთის მთავრობას აშკარა პრეფერენცია გააჩნდათ ტრამპის მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, პუტინს დიდი ვარაუდით სურდა ჰილარი კლინტონის რეპუტაციის გაშავება, ვინაიდან მას ბრალს დებს 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში რუსეთში საპროტესტო აქციების წაქეზებაში.
ანგარიშის თანახმად, 2015 წლის ივლისში რუსეთის დაზვერვამ წვდომა მიიღო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ ქსელებზე და ამ წვდომას როგორც მინიმუმ 2016 წლის ივნისამდე ინარჩუნებდა.
„ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) ოპერაციების შედეგად მოხდა შეღწევა აშშ-ის ”დემოკრატიული პარტიის” თანამდებობისა და პოლიტიკური პირების ელექტრონულ ფოსტაში. მაისისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვას აშშ-ის ”დემოკრატიული პარტიის” ეროვნული კომიტეტის ქსელებიდან დიდი რაოდენობით მონაცემები ჰქონდა ამოღებული“, - ნათქვამია აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშში.
აშშ-ის სადაზვერვო უწყებები თვლიან, რომ აშშ-ის ”დემოკრატიული პარტიის” კონფიდენციალურ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო დაზვერვა გადასცემდა ორგანიზაცია WikiLeaks, ინტერნეტ-საიტს DCLeaks.com და ჰაკერს Guccifer 2.0.
აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშის არასაიდუმლო ნაწილი, 6 იანვარს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ აგრესიულ ზომებს მიიღებს კიბერთავდასხმების აღსაკვეთად.